English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ შორენა წიკლაური
მოსახლეობის დაბერება საქართველოში როგორც ქვეყნის ეკონომიკის დემოგრაფიული ხაფანგი

რეზიუმე

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და კეთილდღეობაზე დემოგრაფიას დიდი გავლენა გააჩნია. მოსახლეობის რაოდენობის ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკის განვითარებაზე, თუმცა მას შეიძლება უარყოფითი ხასიათიც ჰქონდეს, როდესაც ამოიწურება დემოგრაფიული დივიდენდი. სწორედ ეს სიტუაცია არის თანამედროვე საქართველოსათვის გამოწვევა, სადაც ეკონომიკური კეთილდღეობა აღმოჩნდება მოსახლეობის დაბერების გამო ხაფანგში. აღნიშნულიდან გამომდინარე სტატიის მიზანია გავაანალიზოთ დემოგრაფიული დაბერების მოსალოდნელი შედეგები საქართველოში.

საკვანძო სიტყვები: დაბერება, დემოგრაფიული ხაფანგი, ეკონომიკური განვითარება

შესავალი

დემოგრაფიული გადასვლის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოსახლეობის დაბერებაა, რომელიც გასული საუკუნის მანძილზე თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნის გამოწვევად იქცა (Bengtsson & Scott, 2010). დემოგრაფიული განვითარების თანამედროვე ეტაპისათვის დამახასიათებელია შობადობის დონის შემცირება, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა, რისი შედეგიც არის მოსახლეობის დაბერება. სადღეისოდ, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები დემოგრაფიული განვითარების თვალსაზრისით საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. განვითარებადი ქვეყნების დემოგრაფიული პრობლემა მოსახლეობის მატებაა, ხოლო განვითარებული ქვეყნები კი შობადობის შემცირების და მოსახლეობის დაბერების გამოწვევის წინაშე იმყოფებიან.

მოსახლეობის დაბერება გლობალური, შეუქცევადი და გარდაუვალი დემოგრაფიული პროცესია, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურაში რადიკალურ ცვლილებებს იწვევს და შესაბამისად სახელმწიფოების წინაშე დგება აუცილებლობა ეკონომიკური და სოციალური პრიორიტეტების განსაზღვრისას გაითვალისწინოს მოსახლეობის ასაკობრივი შემადგენლობა, რაც პირდაპირ აისახება დემოგრაფიული დატვირთვის მაჩვენებლებში.

მრავალი ემპირიული გამოკვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის და სამუშაო ძალის შემცირება პირდაპირ დაკავშირებულია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპთან.  თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში მიმდინარეობს შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირება, 2015-2055 წწ-ისთვის ევროპაში ის 20%-ზე მეტით შემცირდება, შესაბამისად მშპ ზრდის ტემპიც შემცირდება, რაც საგანგაშო პერსპექტივად უნდა მივიჩნიოთ. (Рональд & Эндрю , 2017).

საქართველოში ოფიციალური მონაცემების[1] მიხედვით საპენსიო პაკეტის (ასაკით პენსია) მიმღებთა რაოდენობამ 2016 წლის ბოლოსათვის 720 194 შეადგინა, რაც 2012[2] წლის მაჩვენებელთან შედარებით 5.5%-ით მეტია. ამასთან ერთად, საქართველოში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და ხანდაზმულობის (ასაკით) პენსია თითქმის გათანაბრებულია.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებანი 2017 წელს საპენსიო უზრუნველყოფაზე 2-ჯერ აღემატებიან 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან შემოსავლებს, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობით, შემოსავლებისა და კეთილდღეობის დონით პენსიონერთა კონტიგენტი იყო და რჩება მარგინალურ ჯგუფად, მაშინ როდესაც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში საპენსიო ასაკის მოსახლეობა სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით უფრო დაცულია, კეთილდღეობის უფრო მაღალი დონითა და ღარიბთა უფრო დაბალი წილით გამოირჩევა (Sulaberidze, 2017).  

მოსახლეობის დაბერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგი ქვეყანაში სამუშაო ძალასა და პენსიონერთა შორის თანაფარდობაა, რომელიც ზრდის პოტენციურ ეკონომიკურ ტვირთს ახალგაზრდებზე, რადგან თითოეული ქვეყნის საპენსიო ფონდი ძირითადად შექმნილია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით (Börsch-Supan, 2003). სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა ახანგრძლივებს საპენსიო ასაკში ყოფნას და შედეგად გარდაუვლად იზრდება სამუშაო ძალის დატვირთვის მაჩვენებელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაშრომის მიზანია გავაანალიზოთ დემოგრაფიული დაბერების ხაფანგის მოსალოდნელი გავლენა ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებაზე საქართველოში.

დემოგრაფიული დაბერების ტენდენციები საქართველოში

საქართველო დემოგრაფიული განვითარების ზოგიერთი პარამეტრით და მათ შორის მოსახლეობის დაბერებით, განვითარებული ქვეყნების მსგავსია.

დემოგრაფიული დაბერება საქართველოში ჯერ კიდევ 1959 წელს, არსებული „ბეიბი ბუმის" დროს აღინიშნა, როდესაც 65 წელს გადაცილებულთა წილმა მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 7,7% შეადგინა (Sulaberidze, 2017). ამასთან, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 73 წელს არ აღემატებოდა. 1960-2014 წლებში, აღნიშნული მაჩვენებლები სტაგნაციით ხასიათდებოდა, რაც თავის მხრივ განაპირობებდა მოსახლეობის დაბერების დაბალ ტემპს 1989 წლამდე (სულაბერიძე & გომელაური, 2016).

დიაგრამა 1: მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი პირამიდა (%)

1959

2014

2050

წყარო: მოსახლეობის საყოველთაო აღწერები;

* - (UN, 2017), custom data acquired via website.

1959 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურას მკვეთრად გამოხატული პროგრესული სახე აქვს. ამ პერიოდში, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა, ე.წ. სამუშაო ძალა შეადგენს. მომდევნო პერიოდში საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა მკვეთრად შეიცვალა და 1989 წელს, მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივმა პირამიდამ სტაციონალური სახე მიიღო, რაც განპირობებული იყო ბუნებრივი მატების ძალიან დაბალი დონით.

საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩატარებულმა - პირველმა ეროვნულმა აღწერამ აჩვენა, რომ 1989 წელთან შედარებით შემცირებულია 0-4 წლის ასაკის და გაზრდილია 65 წლის და უფროსი ასაკის პირთა წილი. მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივ პირამიდას 2002 წელს უფრო „რეგრესული“ სახე აქვს, რაც გამოწვეულია შობადობის დონის შემცირებით. აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლებიდან ქვეყნიდან გადის უფრო მეტი ვიდრე შემოდის, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის რაოდენობასა და მის შემადგენლობაზე.

2014 წელს საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივ პირამიდას მკვეთრად გამოხატული „სტაციონალური“ სახე აქვს და 2050 წლისათვის ფაქტიურად პირამიდის სახე ექნება დაკარგული, მოსალოდნელი მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოება რაც გამოიწვევს მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების ტემპის ზრდას.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით 65 წლის და უფროსი ასაკის პირთა წილი 14.3%-ს შეადგენს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის დაბერების დონე გაეროს სტანდარტს ორჯერ აღემატება, რომლის მიხედვითაც, თუ მოსახლეობაში 65 წლის და უფროსი ასაკის პირთა წილი 7%-ზე მეტია, მაშინ მოსახლეობა დაბერებულად მიიჩნევა (წულაძე, მაღლაფერიძე, & სულაბერიძე, 2007 , p. 92).  პროგნოზების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 2050 წლისათვის 23%-ს მიაღწევს (UN, 2017), რასაც მოჰყვება მოსახლეობის ე.წ. „დემოგრაფიული დატვირთვის“ მაჩვენებლის ზრდა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურად არა-აქტიური (ბავშვები და მოხუცებულები) მოსახლეობის რაოდენობის ყოველ 100 კაცზე უფრო ნაკლები ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა იქნება.

დიაგრამა 2: დემოგრაფიული დატვირთვის კოეფიციენტები 15-64 წლის ყოველ 100 კაცზე

 წყარო:(UN, 2017), custom data acquired via website.

თუ 1950 წელს, საქართველოში ყოველ 100 ეკონომიკურად აქტიურ (15-64 წლის ასაკის) პირზე მოდიოდა დაახლოებით 16 საპენსიო ასაკის (65 წლის და უფროსი) მოსახლეობა, ეს მაჩვენებელი 2017 წლისათვის 22-მდე გაიზარდა, ხოლო პროგნოზების მიხედვით 2050 წლისათვის 37-ს გადააჭარბებს. ამასთან ერთად, 1950 წელს ყოველ 100 ეკონომიკურად აქტიურ (15-64 წლის ასაკის) პირზე მოდიოდა დაახლოებით 43 ახალგაზრდა ასაკის (0-14 წლის ასაკის) მოსახლეობა, რაც 2050 წლისათვის თითქმის 1,5-ჯერ შემცირდება. აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ სულ დატვირთვის კოეფიციენტი იზრდება არა ახალგაზრდობის ხარჯზე, არამედ დაბერების ხარჯზე და ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

დიაგრამა 3: დასაქმებული მოსახლეობის განაწილება დასაქმების სტატუსისა და ასაკის მიხედვით, (%)

 წყარო: 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის დასაქმების დონე 45.3%-ს შეადგენს, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია სასოფლო ტიპის დასახლებებში, ვიდრე საქალაქოში (69 და 21 შესაბამისად). ამასთან ერთად, 65 წლის და უფროსი ასაკის დასაქმებულ მოსახლეობაში, მათი აბსოლიტური უმრავლესობა (86.3%) თვითდასაქმებულია. რაც არ არის მოულოდნელი, რადგან დასაქმებული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (46.6%) სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და ხანდაზმულების უმრავლესობაც მათ შორის არის.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ თაობაათაშორის ტრანსფერები. როგორც საქართველოში, ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკვლევის შედეგები აჩვენებენ ტრანსფერები მიმართულია ძირითადად უფროსიდან უმცროსი თაობისაკენ. უფროსი თაობის რესპონდენტთა 55% მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას უწევს უმცროსი თაობის წარმომადგენლებს, მაშინ, როცა უმცროსი თაობის მხოლოდ მეოთხედი უწევს დახმარებას უფროს თაობას (შელია, 2013). ანალოგიური სურათი გამოიკვეთა 2015 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვითაც.

ზოგადად, განსხვავებული დემოგრაფიული სტრუქტურა ქალაქად და სოფლად (ქალაქის მოსახლეობა საქართველოში შედარებით ახალგაზრდაა სოფლის მოსახლეობაზე), აისახება ქალაქისა და სოფლის შინამეურნეობების შემოსავლებსა და მათ წვლილში ქვეყნის მშპ-ის ფორმირებაში. საქართველოში სოფლად ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 42.8 პროცენტი, თუმცა აგრარულ სექტორში იქმნება ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 1/10, ხოლო ეკონომიკის სხვა სფეროებში სოფლად მცხოვრებთა წვლილი, დაახლოებით 4-5 პროცენტია. ანუ სოფლად მცხოვრებთა წილი ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 3-ჯერ ჩამორჩება მათსავე წილს ქვეყნის მოსახლეობის მთლიან რიცხოვნობაში. ეს კი ადექვატურ ასახვას ჰპოვებს შინამეურნეობათა შემოსავლებისა და კეთილდღეობის სტრუქტურაში (Sulaberidze, 2017).

ამ პირობებში, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ დემოგრაფიის გავლენა ეკონომიკაზე. ერთის მხრივ, მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას (Samuelson, 1975), რადგან მზარდი მოსახლეობა საგადასახადო ბაზას აფართოებს და აჩქარებს პენსიაზე გადასვლის კაპიტალის დაგროვებას. ასეთ ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც მიიღება მოსახლეობის რაოდენობის ზრდით ეწოდება დემოგრაფიული დივიდენდი. მეორეს მხრივ, ამ ჰიპოთეზის საპირისპიროდ, როდესაც მოსახლეობის ზრდის პერიოდი სტაგნაციაშია, რასაც შემდგომში მოჰყვება ე.წ. „დამხმარეთა მაჩვენებელის[3]“ შემცირება. დღეისათვის ნელ-ნელა იწურება საქართველოს დემოგრაფიული დივიდენდი (შრომის უნარიანი მოსახლეობის წილი მთელს მოსახლეობაში). დღის წესრიგში დგას მეორე დემოგრაფიული დივიდენდის (65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის) დასაქმებისა და სოციალური დაცვის პრობლემები (Sulaberidze, 2017). გასათვალისწინებელია რომ დაბრუნებული საპენსიო ასაკის მიგრანტები კიდევ უფრო გაამძაფრებენ არსებულ სოციალურ დატვირთვას ბიუჯეტზე. სწორედ ეს სიტუაცია არის თანამედროვე საქართველოსათვის გამოწვევა, სადაც ეკონომიკური კეთილდღეობა აღმოჩნდება მოსახლეობის დაბერების გამო ხაფანგში.

დასკვნა

წმინდა დემოგრაფიული თვალსაზრისით, მიჩნეულია, რომ შობადობის დონის და იმიგრაციული ნაკადების ზრდა, ანელებს მოსახლეობის დაბერების პროცესს, რადგან იზრდება შრომითი ბაზარი და საგადასახადო ბაზა. თუმცა, ამ პრცესით პოზიტიური ეფექტის მიღებას, სულ მცირე 25-30 წელი მაინც სჭირდება, რაც დამატებით პრობლემებს წარმოშობს, როგორიც არის იმიგრანტების დასაქმების ბაზარზე ინტეგრაცია, გაიზრდება საპენსიო და ჯანდაცვის ფონდზე დატვირთვა, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს იმიგრაციის პოზიტიურ ეფექტს. ამასთან ერთად, საქართველოდან ისევ გრძელდება სამუშაო ძალის გადინება, თუმცა პროგნოზების და მიგრაციული გადასვლის თეორიის მიხედვით გარდაუვალია 1990-იან წლებში გადინებული შრომითი მიგრანტების დაბრუნების პროცესი, რომლებიც საპენსიო ასაკში იმყოფებიან, რაც კიდევ უფრო გაუარესებს, დღეისათვის უკვე დეფორმირებულ, მოსახლეობის რეგრესულ ასაკობრივ სტრუქტურას და გაზრდის დემოგრაფიულ ხაფანგს ქვეყნის ეკონომიკისთვის.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კორექტირება და/ან შემუშავება განხორციელდეს დემოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, რათა ქვეყანამ  მოსალოდნელი დემოგრაფიული ხაფანგი „მსუბუქად“ გადაიტანოს.

გამოყენებული ლიტერატურა

1, სულაბერიძე, ა., & გომელაური, ნ. (2016). დემოგრაფიული დაბერება და მეორე დემოგრაფიული დივიდენდის ფორმირების თავისებურებანი საქართველოში. ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია. თბილისი: თსუ.

2, შელია, მ. (2013). ხანდაზმული მოსახლეობა საქართველოში. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.

3, წულაძე, გ., მაღლაფერიძე, ნ., & სულაბერიძე, ა. (2007 ). დემოგრაფია სახელმძღვანელო. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი.

4, Bengtsson, T., & Scott, K. (2010). The Ageing Population. The Case of Sweden. Springer.

5, Samuelson, P. A. (1975). The Optimum Growth Rate for Population. International Economic Review , vol. 16(3), გვ. 531-38.

6, Sulaberidze, A. (2017). Presentation on demographic trend and national accounts system in Georgia . The symposium “National transfer accounting: principles, methodology and the main problems of construction” organization . Higher Scool of Economics, Moscow: www.demoscope.ru.Tsiklauri, S. (2013). Socio-demographic aspects of po

7, pulation ageing in Georgia. BOLD, Vol. 23 No. 3, pp. 24-28.

8, UN. (2017). World Population Prospects: The 2017 Revision. NY: United Nations, Department of Economic and Social Affairs.

9, Рональд , Л., & Эндрю , М. (2017 წლის Март ). Цена старения. Финансы и развитие, გვ. 7-9.

 



[1] საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

[2] სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, 2012 წლის 1 სექტემბრიდან "საპენსიო პაკეტის" მიმღებთა ჯგუფში ერთიანდებიან მხოლოდ ასაკით პენსიონერები, ხოლო ყველა დანარჩენი - "სოციალური პაკეტის" მიმღებთა ჯგუფში.

[3] 15-64 წლის ასაკის პირთა რაოდენობა ერთ 65 წლის და უფროს ასაკის პირზე